-
-
მოგვწერეთ
როდესაც იმის მომსწრე გავხდი, რასაც წინამდებარე მოგონებაში აღვწერ, მე აზრად არ მომსვლია, რომ ოდესმე მის წერილობით ფიქსაციას მოვინდომებდი. არ მომსვლია იმიტომ, რომ არანაირად ხელი არ მერია (იდეური განსხვავებულობის გამო) იმ მიტინგების მომზადებასა და ორგანიზაციაში, რასაც ქვემოაღწერილი ამბები მოჰყვა. 9 მარტს მომხდარის აღწერა მხოლოდ იმათ უფლებად და მოწოდებად მიმაჩნდა, ვინც იმ ამბებთან ჩემზე ახლოს იყო. მაგრამ იმ ოცზე მეტი წლის მანძილზე, რაც იმ ამბებისაგან გვაშორებს, დავინახე, რომ, ჯერ ერთი, ადამიანთა ისტორიული მეხსიერება უფრო სუსტი ყოფილა, ვიდრე მეგონა; მხილველთა უმრავლესობის ხსოვნაში, როგორც შევნიშნე, ის ამბები გამკრთალდა და ემოციურ მუხტთან ერთად მათ მოგონებას სიზუსტეც დაეკარგა. მეორეც, დავინახე, რომ მომსწრეთა რიცხვი თანდათანობით მცირდება. მოდის ახალი თაობა, რომელმაც ის ამბები არ იცის. დასასრულ, ეჭვი გამიჩნდა, რომ მომხდარის ფიქსაცია სულაც არ მოხდება, და თანდათანობით მისი ჩაწერის მოვალეობის გრძნობა დამებადა. წლეულს, 1980 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოვალეობის ეს გრძნობა დარწმუნებულობად მექცა და ახლა ვასრულებ ჩემს განზრახვას. წინამდებარე ტექსტში მკაცრად გარჩეული მაქვს, რაც მინახავს, იმისაგან, რაც სხვებისაგან გავიგონე ან რაც დავასკვენი. ეს ნაწერი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ჩვენება, რომელიც მზად ვარ ნებისმიერი სამსჯავროს წინაშე დავიცვა.
მონათხრობს წავუმძღვარებ რამდენიმე შენიშვნას იმ ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ვითარების თაობაზე, რომელშიც აღწერილი ამბები მოხდა. სტალინი რომ საქართველოს მოძულე იყო და მოძულედ დარჩა მანამდე, სანამ თავისი სამშობლო იმდენად არ მოსპო, რომ მისგან ატენური ღვინის, თორნის პურისა და ქართული ცეკვის მეტი სხვა აღარაფერი დატოვა მტრისა თუ მოყვარისთვის საყურადღებო, ეს ცნობილია. ამ სიძულვილის მოტივები ბოლომდე ნათელი არ არის. შესაძლოა, მან ის ბუნებრივი სიმწარე, რაც მძიმე ბავშვობამ არგუნა, საქართველოზე იმიტომ გაავრცელა, რომ შედარებით კეთილდღიანი ადამიანები, რომლებიც მისი ბავშვობის გარემოს შეადგენდნენ, ქართველები იყვნენ. ეს ახსნა, რა თქმა უნდა, უკმარია; შესაძლოა, მან საქართველოსადმი სიძულვილში განაზოგადა თავისი სიძულვილი ქართველი პატრიოტებისადმი (მისი და მის თანამებრძოლთა ტერმინოლოგიით — ნაციონალისტებისადმი), რომლებიც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგენი იყვნენ იმთავითვე. ეს ახსნაც მეტისმეტად ვიწროდ მესახება. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია (და, რაც თავი მახსოვს, გავრცელებული იყო ყოველთვის) საქართველოში აზრი, სტალინმა სამშობლო იმიტომ შეიძულა, რომ საქართველოში ვერ გაიხარა და ვერც გაიხარებდა, მან ქართველობის ჯავრი მაშინ ჩაიდო გულში, 1922 წელს რომ თბილისის ორთქლმავალშემკეთებელი ქარხნის მუშებმა უსტვინესო. არც ეს ახსნა მგონია საკმარისი.
მთავარი, ალბათ, მაინც ის იყო, რომ მას თვით ადამიანის ის ტიპი სძულდა, რომელიც ქართველ პატრიოტს წარმოშობს — გონებაგახსნილი და თავმოყვარე, აქტიური ბუნების მქონე და საკუთარი უპირატესობის შემგნები, არა მატერიალურ, არამედ მორალურ მოტივებს აყოლილი და, ამდენად, „იდეალისტი“. ადამიანის ის ტიპი, რომელზედაც სტალინი თავის პოლიტიკასაც და თავის მსოფლმხედველობასაც აგებდა, სწორედ ამის საწინააღმდეგო იყო. ამ „იდეალისტის“ ტიპს სტალინი, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა და მასთან დამოკიდებულების ერთადერთი ქმედითი გზა — მოსპობა — ჰქონდა მონახული. 1922 წელს საქართველოდან მიმავალმა რომ ინსტრუქცია დააგდო, „ვსპახატ ი პერეპახატ დვორიანსკუიუ გრუზიუ“, მან, რა თქმა უნდა, იცოდა, ქართველ პატრიოტთა რიგები რომ თავადაზნაურობისაგან არ იყო შემდგარი, მაგრამ მისი ეს ფორმულირება, ალბათ, მაინც არ იყო მარტოოდენ დემაგოგია, რადგან იმ ადამიანებში, ვის მოსპობასაც ბრძანებდა, იგი პირველ ყოვლისა მართლაც „სულისა და გონების არისტოკრატიას“, ბუნებით გამორჩეულ ადამიანებს ხედავდა.
დასასრულ, ცნობილია, რამდენად რუსიფიცირებული იყო იგი არა მარტო მოქმედებით, არამედ ცნობიერებითაც — თავისი თავი თავისი პოლიტიკის მასალასთან, რუს ხალხთან გაიგივებული ჰყავდა, ამ ხალხის პოლიტიკური ინტერესები მართლაც მოითხოვდა ამიერკავკასიაში დამკვიდრების გზაზე მთავარი დაბრკოლების — საქართველოს დაპყრობასა და გადათელვას, რაც სტალინმა შეასრულა კიდეც. ცნობილია (და ცნობილი იყო ყოველთვის), რომ სტალინის ეპოქის ყველა რეპრესია ყველა სხვაზე მეტად საქართველოზე გავრცელდა. ცნობილია, რომ 1924 წლის აჯანყების წინა დღეს, როდესაც სტალინს მოახსენეს, აჯანყება იწყება, ხელმძღვანელები ვიცით და ნება მოგვეცით, ავიყვანოთო, მან უარი თქვა და უკვე განწირული აჯანყების მიშვება ბრძანა, „საქართველოს სამოქალაქო ომში სისხლი არ დაუღვრია და დაე, ახლა დაღვაროსო“. უფრო გვიან, როდესაც საქართველო უკვე მიწაზე იყო გართხმული იმდენად, რომ მისი წამოდგომის საშიშროება აღარ არსებობდა, სტალინს, როგორც ჩანს, გაუნელდა სიძულვილი მის მიმართ. მისი ყველაზე აქტიური ანტიქართული პოლიტიკა ოციანსა და ოცდაათიან წლებს ეკუთვნის. ომის შემდეგ იგი ხშირად იბარებდა ქართველ მეცნიერებს თუ მსახიობებს, დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით და ლიტერატურის მდგომარეობით. მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი, როგორც კი მის ძალაუფლებას საშიშროება დაემუქრა ბერიას მხრიდან, საქართველო მთელი მისი ისტორიის მანძილზე უმაგალითო კატასტროფისთვის გაეწირა...
ომამდე საქართველოში სტალინი ყველას სძულდა მისი აპარატის გარდა. გლეხისთვის იგი იყო კოლმეურნეობის ავტორი, ყველასათვის ერთობლივად — რეპრესიებისა და ანტიქართული მონათმფლობელური რეჟიმის ყველა სხვა საშინელებების ავტორი. ამ დამოკიდებულების ზუსტი გამომხატველია ანეკდოტი — კინტოების დიალოგი: „სტალინი რატომაა ჩვენი ყველას მამა? — იმიტომ, რომ ყველას დედა გვიტირაო“. მაგრამ ომის შემდეგ ეს დამოკიდებულება ცოტა მოირყა. უფრო ზუსტად, მას სხვა დამოკიდებულებაც შეერია. ომში გამარჯვებული სტალინის კოლოსალურმა ფიგურამ დათრგუნა ადამიანთა ფანტაზია. მასში მსოფლიოს ნახევარზე გაბატონებულ გენიალურ ქართველს ხედავდნენ, ნებისყოფისა და პოლიტიკური გამჭრიახობის სწორუპოვარ განსახიერებას, „ყველა დროისა და ყველა ხალხის უდიდეს მხედართმთავარს“, რომელმაც თავისი სიდიადით ქართველთა თვითდამკვიდრება განახორციელა საკაცობრიო ასპარეზზე. ეს წარმოდგენა ერთი და იმავე ადამიანის ცნობიერებაში უცნაურად უთავსდებოდა 1944 წლიდან გაჩენილ შიშს, რომ შესაძლებელია მთელი საქართველო გაგვასახლონ, როგორც რუსებისთვის არასანდო ხალხი, ან, ვთქვათ, იმის მწარე შეგნებას, რომ თუ გაგრძელდა რუსობის კატასტროფული მოდენა სამრეწველო მშენებლობის გამო, საქართველო ცოტა ხანში საქართველო აღარ იქნება. და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, ის, რომ სათავეში ჯუღაშვილი (ფაქტობრივად: ეგნატაშვილი) ზის — კაცი, რომლისთვისაც ქართული ყოფა, სასმელ-საჭმელი თუ ხალხური სიმღერა რეალობაა, რომლისთვისაც გიორგი სააკაძის როლის შეფასება ყურადღების ღირსი პრობლემაა და ა. შ. — პოლიტიკურად ძალაგამოცლილი ქართველისათვის დიდი იმედი იყო. სტალინშიც და ბერიაშიც პატრონს ხედავდნენ, რომელიც, თუ დასჭირდა, დაგკლავს, მაგრამ თუ შენი დაკვლა არ დასჭირდა, მოგივლის და შენს ხორცს მოხეტიალე ძაღლებს არ შეაჭმევს.
სტალინის სიკვდილის და, განსაკუთრებით, ბერიას დამხობის შემდეგ ვითარება შეიცვალა. რუსმა მასამ, რომელიც რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ საქართველოში არც კოლმეურნეობა არსებობდა და არც რეპრესიები, ჩათვალა, რომ დროა, ქართველებს ამ პრივილეგიურ მდგომარეობაში ყოფნისთვის პასუხი მოეკითხოთ. რაკი საბჭოთა კავშირს ქართველი მართავდა, ამ მასამ მიიჩნია, რომ ქართველების არსებული მდგომარეობა ამ სახელმწიფოში, მათი აზრით, სამართლიანად კუთვნილზე უკეთესი, სტალინ-ბერიას მიკერძოების შედეგი იყო და საჭირო იყო მისი გაუარესება. „პიროვნების კულტის“ გაუქმებისაკენ მიმართულმა ოფიციალურმა კამპანიამ რუსი მასის შოვინისტურ ინსტინქტებს გზა მისცა და აქტიური ანტიქართული ცნობიერება შექმნა. რუსეთში სავაჭროდ, ჯარში ან სხვა რამ მიზეზით მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ანალოგიურ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა საქართველოშიც იმ შემთხვევაში, თუ რუსს ამის შესაძლებლობა ეძლეოდა. დამახასიათებელი შემთხვევა (ნაამბობი): ტრამვაიში, ოპერის ქვემოთ, რუსმა პოლკოვნიკმა უხეშად წაჰკრა მხარი ფეხმძიმე ქართველ ქალს. შენიშვნა რომ მიიღო, უპასუხა: „რისთვის მოვუფრთხილდე, იმისათვის, რომ მეორე ბერია დაიბადოსო?“. ტრამვაიში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდამ მუშტით კბილი ჩაამტვრია და ტრამვაიდან გადახტა.
ვინაიდან სტალინის მხილების კამპანიას ოფიციალური ხასიათი ჰქონდა, ბუნებრივია, რომ სტალინისადმი ანტიპათიასთან დაკავშირებული ანტიქართული განწყობილებების ზრდაც ქართველების მიერ აღიქმებოდა როგორც ოფიციალური კურსის შესაბამისი (და იგი მართლაც ასეთი იყო). ამასთან ერთად ქართველი ხალხის მასას (რუსეთის მოსახლეობისგან განსხვავებით) ნათლად ესმოდა, რომ სტალინის პიროვნებისკენ მიმართული კრიტიკა არ ნიშნავდა მის მიერ შექმნილი სოციალური სისტემის ან რეჟიმის კრიტიკას ან უარყოფას. ქართველებში ბავშვმაც კი იცოდა, რომ სტალინს აძაგებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ქართველი იყო, და არავის უფიქრია სერიოზულად, მის მიერ შექმნილი რეჟიმის საფუძველი მოერყია. ამიტომ სტალინის ჯერჯერობით ფრთხილად ფორმულირებულ, მაგრამ მძლავრი ანტიქართული ემოციური მუხტის მატარებელ კრიტიკას ქართველობა აღიქვამდა როგორც უსამართლოს. („გასალანძღი თუა, ჩვენი გასალანძღია, ეგენი კი ფეხებს უნდა უკოცნიდნენო“). ამავე დროს ყველამ იცოდა, რომ სტალინს იმაში არ ამხილებდნენ, რაშიც იგი ყველაზე უფრო სამხილებელი იყო — მას არც „დიქტატორს“ უწოდებდნენ, არც „ჯალათს“ და არც „სისხლის მსმელს“, არამედ მხოლოდ მის „უნიჭობაზე“, „არაკვალიფიციურობაზე“, მის მიერ საკუთარი თავის უმართებულო განდიდებაზე და ხელისუფლების უკანონო დასაკუთრებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამავე დროს ქება-დიდებით იხსენიებდნენ ლენინს, რომელიც ქართველობის თვალში — ისევ რუსებისგან განსხვავებით — სტალინს არც ჰუმანიზმით, არც, მით უმეტეს, ნიჭითა და უნარით არ აღემატებოდა. (პირიქით, ყველა ამ განზომილებით იგი სტალინს ჩამორჩებოდა). ასე რომ სტალინის კრიტიკას ამით ერთგვარად შეფარული, არაოფიციალური და არაგამხელადი იერი ეძლეოდა: მას, თითქოს, უპირისპირდებოდნენ იმ სიძულვილით, რომელსაც ვერ გაამხელდნენ არსებული ოფიციალური იდეოლოგიის ფარგლებში, მაგრამ რომელიც ამის გამო მით უფრო მზარდი იყო არაოფიციალურად და უფრო სახიფათო.
1954 წლის მარტში სტალინის სიკვდილის დღეებში (3-დან 9-მდე, როცა იგი დამარხეს; თუმცა 1953 წელს სტალინი, ოფიციალური ვერსიით, ავად გახდა) მის ძეგლთან მტკვრის სანაპიროზე ხალხი მიდიოდა და ყვავილები მიჰქონდა (ცოტ-ცოტა მანამდისაც მიჰქონდათ, მას შემდეგ, რაც მისი მხილების კამპანია დაიწყო). ეს სვლა არც წინასწარ დაგეგმილი ყოფილა ვინმეს მიერ და არც ცნობილი. იგი სტიქიური იყო და მისი ერთადერთი მოტივი იყო პროტესტი. მიმსვლელი, საერთო ჯამში, იმ ექვსი დღის მანძილზე რამდენიმე ათასი იქნებოდა და, შესაძლოა, მეტიც. ის, რომ მიმსვლელნი ბევრნი აღმოჩნდნენ, ალბათ, ყოველი მათგანისთვის მოულოდნელი იყო. მისულნი ყვავილების დაწყობის შემდეგ ერთხანს დგებოდნენ ბაღში ძეგლის წინ და, ამგვარად, იმ ექვსი დღის მანძილზე აქ დღისით თითქმის განუწყვეტელი უსიტყვო მიტინგი იყო — პირველი არაოფიციალური და მთავრობის კურსის საწინააღმდეგო მიტინგი საბჭოთა კავშირში მას შემდეგ, რაც სტალინური რეჟიმი დამყარდა. ეს ფაქტი — რომ ხდებოდა არაოფიციალური შეკრება მთავრობის კურსის საწინააღმდეგოდ და რომ მას ხელისუფალნი ხელს ვერ უშლიდნენ (თუნდაც მხოლოდ იმის წყალობით, რომ ამას ვერ იზამდნენ არსებული ოფიციალური იდეოლოგიის ფარგლებში) — ძეგლთან მყოფებმა მხოლოდ მაშინ გაიცნობიერეს, როცა იგი მოხდა, ხოლო დანარჩენებმა, ანუ მოსახლეობის ძირითადმა მასამ, რომელსაც აზრადაც არ მოუვიდოდა სტალინის ძეგლთან ყვავილების მიტანა, გაიგო მაშინ, როცა ეს ექვსდღიანი მზარდი მანიფესტაცია უკვე მთავრდებოდა ან დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა, თვით ფაქტი ეიფორიის აღმძვრელი იყო და აღძრა კიდეც ეიფორია. იგი ცნობილი გახდა ყველასთვის და ყველას მეხსიერებაში დარჩა, როგორც უნიკალური, როგორც რაღაც ჯერ გაურკვეველი პერსპექტივის გამხსნელი და კითხვების აღმძვრელი. კითხვას, თუ რა იქნება სხვა დროს, ამ დღეებში, კერძოდ და კონკრეტულად კი — გაისად ამ დროს, ყველა სვამდა თავისთავის წინაშე. ამიტომ მომავალი წლის მარტს ყველანი ნერვული და შიშნარევი ცნობისმოყვარეობით მოელოდნენ — ისინიც, ვისაც სტალინის სახელის ბედი გულწრფელად აღელვებდა (ესენი, რა თქმა უნდა, უმცირესობა იყვნენ), და ისინიც, ვისაც იგი სრულებით არ აღელვებდა.
მოხდა ის, რომ მომდევნო 1955 წელს ძეგლთან ხალხი შეუდარებლად მეტი იყო და უტყვი მიტინგიც შეუდარებლად უფრო დიდი. იგი მონაწილეთა და არამონაწილეთა მიერ უკვე სავსებით გაცნობიერებული იყო, როგორც მიტინგი და არსებული ვითარებისადმი, როგორც ასეთისადმი, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფორმა. იმ წლის მანძილზე, რაც გასული იყო 1954 წლის მარტიდან, სტალინის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უფრო ფართოც გახდა და უფრო თვალში საცემად უსამართლოც იმ მხრივ, რომ სტალინის პიროვნების მაგინებელი ხელისუფალნი არც მის შექმნილ იმპერიაზე ფიქრობდნენ ხელის აღებას, არც მისი მეთოდით აგებულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, არც მის შექმნილ დიქტატურაზე, არც კოლმეურნეობაზე, არც ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეჟიმის რომელიმე სხვა ძირითად ფორმაზე. ანტიქართული გამოხდომებიც რუსეთში არა თუ არ კლებულობდა სიხშირით ამ ხნის მანძილზე, არამედ იზრდებოდა. რუსი მასა, შეძლებისდაგვარად (და, რა თქმა უნდა, ხრუშჩოვის აშკარად გამოუთქმელი სულისკვეთების შესაბამისად) ანგარიშს უსწორებდა საქართველოს იმისათვის, რომ 29 წლის მანძილზე განუკითხავად მართული იყო მისი შვილის მიერ. ქართველი ერი გრძნობდა, როგორ ლოკავდა უკვე მის მიწა-წყალს თითქმის ორასმილიონიანი ბრბოს სიძულვილის ტალღები, რომლებიც, არავინ იცოდა, როდის გადალეკავდნენ მას სავსებით.
ამ მდგომარეობას, რომელიც 1955 წელს უკვე სავსებით ჩამოყალიბებული იყო, ახალი გარემოებებიც დაერთო — სტალინის უფრო და უფრო მზარდი და უფრო და უფრო ოფიციალური გინება (პარტიის XX ყრილობა). რუსის თვალში ეს ოფიციალური პოზიცია გადატყდა როგორც ისტორიის საბოლოო და შეუქცევადი განაჩენი ქართველობის მიმართ, რომელსაც, მისი აზრით, არც „კარგი“ ცხოვრებისათვის და არც ცხოვრებისათვის საერთოდ სხვა არავითარი საფუძველი და არავითარი სხვა გამართლება არ მოეპოვებოდა გარდა სტალინის თანამემამულეობისა, ქართველის თვალში კი ეს გადატყდა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშის მიტანის სიგნალი.
ამიტომ იყო, რომ 1956 წლის 3–9 მარტს უკვე მოელოდნენ წინდაწინვე, როგორც ბრძოლას, და ამ შვიდდღეულის პირველი დღიდანვე (3 მარტიდან) სანაპიროზე ძეგლთან უზარმაზარი მასა შეიყარა (15–20 ათასი კაცი). ხალხი ირეოდა ლენინის მოედანზეც ტრიბუნასთან. იქაც და აქაც პირველი დღიდანვე მიტინგი იყო გამართული: სიტყვით გამოდიოდნენ სტუდენტები, მოწაფეები, ნოქრები, ძველი მასწავლებლები, სხვადასხვა წრისა და პროფესიის მოქალაქეები. სტუდენტებში ნაკლებად იყვნენ თბილისელები — მათ მასას ძირითადად რაიონიდან ჩამოსულები შეადგენდნენ (მოძრაობის ცენტრი, ძირითადად, სტუდქალაქი იყო). თბილისელებშიც (ვინც ტრიბუნაზე გამოდიოდა), რამდენადაც შემეძლო მემსჯელა ნახულის ან გაგონილის მიხედვით, არ იყვნენ იმ უფრო ჩახედული წრეების შვილები, ვისთვისაც საიდუმლო არ იყო სტალინის ჭეშმარიტი როლი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ მიტინგს თანაუგრძნობდა ყველა — თანაუგრძნობდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს იყო ხალხის ნებისა და სულისკვეთების პირველი მანიფესტაცია საბჭოთა კავშირში, მეორეც, იმიტომ, რომ იგი აშკარად გამოთქმული ან გამოუთქმელი ეროვნული გრძნობიდან, ეროვნული შეურაცხყოფის გრძნობიდან იყო შობილი.
ორატორები ლაპარაკობდნენ იმაზე, რა დიდი ისტორიული ფიგურა იყო სტალინი, რა გადამწყვეტი იყო მისი როლი მეორე მსოფლიო ომში და რა უსამართლობა იყო, აქედან გამომდინარე, მისი ჩაწიხვლა ოფიციალური ინსტანციებისა და მათი ყრილობის მიერ. შიგადაშიგ ლაპარაკობდნენ საქართველოს წარსულზე, მის დიდ კულტურულ და პოლიტიკურ ტრადიციებზე, რომელმაც ასეთი დიდი პოლიტიკური ფიგურის წარმოშობა შესაძლებელი გახადა, თუმცა მე პირადად არ მსმენია, რომ შეჰხებოდნენ იმას, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ამ მხრივ, სახელდობრ, ახალ დროს, XIX–XX საუკუნეთა ჩათვლით, რომლებმაც ყველაზე მეტად განსაზღვრეს დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსის სახე მისი ღირსებებითა და სისუსტეებითურთ. ლაპარაკობდნენ მხოლოდ ძველ საუკუნეებზე, რომლებსაც ამ კონტექსტში მხოლოდ ეროვნული თავმოყვარეობისთვის თუ ექნებოდათ მნიშვნელობა...
3, 4, 5, 6 რიცხვებში მიტინგები გრძელდებოდა და მათი მასშტაბი უფრო და უფრო იზრდებოდა. რაიონიდან (ბორჯომი და აქეთ, შესაძლოა, უფრო შორიდანაც) მონაწილეები ემატებოდა (ძირითადად, მოწაფეები). ქალაქის სხვა ადგილებიც (პირველ ყოვლისა, სადგურის მოედანი) ხალხით იტბორებოდა, თუმცა სხვაგან, გარდა ზემოხსენებული ორი ადგილისა (ძეგლი და ლენინის მოედანი) ტრიბუნა არ გაუმართავთ. ეს თავყრილობა დემონსტრაციაც იყო და ერთგვარი რიტუალის შესრულებაც ამავე დროს, რადგანაც წინა ორი წლის მარტის დღეებში მოპოვებული გამარჯვება — სახალხო და ეროვნული ნების მანამდე გაუგონარი გამომჟღავნება მთავრობისა და მისი დამსჯელი აპარატის თვალწინ — უკვე ტრადიციასავით იყო მიღებული და, თითქოს, სასახელო მიღწევად იყო უკვე აღიარებული. ერთი ლექსი მახსოვს — მარტივი და თბილი, რომელიც ვიღაცას შეეთხზა წინა წლების გამოსვლების შესახებ იმ ზეაწეულსა და ბავშვურად პათეტიკურ სტილში, რომლითაც მანამდე იწერებოდა საყმაწვილო ლექსები სტალინზე (და ზოგჯერ არასაყმაწვილოც), ოღონდ ამჯერად წრფელი და სიყალბისგან თავისუფალი. „ცივა, მხოლოდ ქარი კივის“ — ასე იწყებოდა ეს ლექსი. მეორე სტრიქონი და მისი რითმა არ მახსოვს, მესამე და მეოთხე კი ასეთი იყო: „ცივა, მაგრამ ბაღში ბელადს ვინ დატოვებს მარტო“. მერე მოთხრობილი იყო, როგორ მოვიდა პატარა გოგო და ყვავილი მოიტანა დაობლებულ ძეგლთან, როგორ მოვიდნენ მერე სხვები და ის ერთი ყვავილი ყვავილების მთებად გადაიქცა. ამ ლექსს პატარა გოგოები კითხულობდნენ. ჯამში იგი, ალბათ, ასჯერ მაინც იქნა ტრიბუნიდან წაკითხული იმ რამდენიმე დღის მანძილზე. ახლაც მიკვირს, ყურადღების რა გადართვა-გადმორთვამ გამოიწვია ის, რომ მისი მეორე სტრიქონი ან მთელი ლექსი არ მახსოვს!
ყველამ იცოდა, რომ ამ შვიდდღეულის უკანასკნელ დღეს, 9-ში ამ უთანასწორო, უმიზნო და უპერსპექტივო შეჭიდების ფინალი იყო. ამიტომ ამ დღის მოახლოებისას მოვლენების ტემპი და მასშტაბი იზრდებოდა. შვიდში ორივე მთავარ მიტინგზე ერთად (ძეგლთან და ლენინის მოედანზე) ალბათ, 70–80 ათასი სული იდგა გამუდმებით. ერთნი მიდიოდნენ, მეორენი მოდიოდნენ. რაღაცა რაოდენობის აქტივისტები, რომლებიც უკვე შეირჩნენ ბუნებრივად ამ დროისთვის (ძირითადად, სტუდქალაქში მცხოვრები ანუ რაიონიდან ჩამოსული სტუდენტებისაგან), მუდმივად იდგნენ ძეგლის კვარცხლბეკზე (ან ლენინის მოედნის ტრიბუნაზე) და მიტინგს წარმართავდნენ. შვიდშივე უკვე დაიწყო აქციები ამ ორი ადგილის გარეთ. ქალაქში აქა-იქ სტალინის სურათები გამოფინეს. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის შენობაზე (ლენინის მოედანზე), ტრიბუნის პირდაპირ რამდენიმე ახალგაზრდა აძვრა კედელზე და სტალინის დიდი სურათი დაკიდა. ხელისუფალთ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პირიქით, ბიჭები შტაბის კედელზე რომ ადიოდნენ, სახურავზე ჯარისკაცი გადმოდგა და იმ ახალგაზრდებს თოკის გამართვაში დაეხმარა. ხელისუფლებას წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი ან დამფრთხალი იყო, რადგან ასეთი სახისა და ასეთი მასშტაბის აშკარა გამოსვლა მთავრობის კურსისა და ნების საწინააღმდეგოდ სისტემის წესსა და წყობაში გათვალისწინებული არ ყოფილა, ან მას სხვა რამ მოტივები ამოძრავებდა. რეპრესიას გადაწყვეტილების მიღება უნდოდა, გადაწყვეტილების მიღებას კი დრო, ამიტომ (ასე ჩანდა) მოსკოვში ჯერ არ იყო არჩეული მოქმედების ტაქტიკა, თბილისში კი ტაქტიკის არჩევის უფლება არავის ჰქონდა.
მიტინგზე გამოსულებისთვის სავსებით ნათელი იყო, რომ მთავრობას უპირისპირდებოდნენ, რომ მთავრობას პასუხის მონახვა უჭირდა, რომ იგი შეფიქრიანებული იყო და თითქოს უკანაც კი იხევდა. შესაბამისად, ხალხი გათამამებული იყო და თითქოს თავისუფლებას დაწაფებული. დამახასიათებელია ასეთი ეპიზოდი. რამდენიმე წლით ადრე მანამდე, 1951 წელს, როცა სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თბილისში რამდენჯერმე გადმოყარეს პროკლამაციები კინოთეატრებში სეანსის დროს. ვისი საქმე იყო ეს — აშშ „დაქირავებული აგენტებისა“, როგორც ეს შემდეგ თითქმის ოფიციალურად ითქვა, თუ სხვა რამ ინსტანციებისა, რომლებიც ემზადებოდნენ მასობრივი რეპრესიებისათვის საქართველოს მიმართ (25–26 დეკემბრის ღამის მასობრივი გასახლებისთვის, რომელიც შედგა, და სხვა, შეუდარებლად უფრო მძიმე ზომისთვის, რომელიც არ შედგა) — შიშის ზარი სუფევდა, ხალხი ახალი, ჯერ უცნობი სახის რბევას მოელოდა, რასაც ხელისუფალთა (პირველ რიგში — თვით სტალინის) წინასწარ განუჭვრეტელი ფანტაზია მოიფიქრებდა. ამიტომ კინოში გადმოყრილი პროკლამაციებისკენ ხელი არავის გაუშვერია არც მანამდე, სანამ სინათლეს აანთებდნენ, არც მერე, როცა დარბაზში ძაღლებიანი ჩეკისტები შემოდიოდნენ და რიგებში ჩხრეკას იწყებდნენ. რა ეწერა იმ პროკლამაციებში, არავის გაუგია. 1956 წლის 7 მარტს კი კუკიის (კარლ მარქსის) ხიდთან ტრამვაის საფეხურიდან, როცა ტრამვაი 26 კომისრის ბაღთან უხვევდა, ვიღაცა ვაჟი გადმოიხარა და ხელის გაშლილი მოძრაობით ბრბოში ფურცლაკების დასტა ისროლა. ჰაერისგან გატაცებულ ფურცლებს ბრბო ხარბად დააცხრა... და დაიტაცა ფინანსთა სამინისტროს მოწოდებები: „შეინახეთ ანაბრები შემნახველ სალაროში“.
დაუსჯელობის (და მთავრობის პასიურობის) იმ ოპტიმისტურ ილუზიას ყველა არ მისცემია. ცნობილი მწერალი ლევან გოთუა, დაახლოებით 60 წლის კაცი, რომელსაც ამ დროს მეტი წლები ჰქონდა გატარებული პატიმრობა-გადასახლებაში, ვიდრე თავისუფლებაში, იმხანად ახალი დაბრუნებული იყო საკონცენტრაციო ბანაკიდან (ხრუშჩოვისეული რეაბილიტაციების შედეგად), სადაც იგი პატიმართა ამბოხების მონაწილე და ერთ-ერთი ბელადი იყო. იგი, თურმე, ეუბნებოდა იმ დროს თავის ნაცნობ-მეგობრებს: „ვისაც ამ ბიჭებთან კონტაქტი გაქვთ, უთხარით, ფრთხილად იყონ. მე ამ მთავრობის ზნე ვიცი: ასე მაშინ იქცევიან, როცა სროლას აპირებენო“. მაგრამ გამფრთხილებელი არავინ აღმოჩნდა და თუნდაც აღმოჩენილიყო, დიდად საეჭვოა, ამ გაფრთხილებას შედეგი გამოეღო. ის, რაც ხდებოდა, ფინალს ითხოვდა. ცნობიერად თუ არაცნობიერად, ეს ყველას ესმოდა (ან თითქმის ყველას). და ისიც ესმოდათ მეტ-ნაკლებად, რომ ამ უპერსპექტივო პროტესტის ერთადერთი მონაპოვარი სხვა ვერა იქნებოდა რა, თუ არ სისხლის დაღვრა და ამ სისხლით თავისი პროტესტისთვის ბეჭდის დასმა.
გამონაკლისს, შესაძლოა, მხოლოდ ისინი შეადგენდნენ, ვინც ამ გამოსვლაში წინამდგომნი იყვნენ: ლენინის მოედნის ტრიბუნაზე და, განსაკუთრებით, ძეგლის კვარცხლბეკზე მყოფნი. ამ აქტივისტებს იმედი ჰქონდათ, რომ სტალინის ოფიციალურ შეფასებაზე გავლენას მოახდენდნენ ამ პროტესტით, და, შესაძლოა, ისიც კი სწამდათ გულუბრყვილოდ, რომ სტალინისა და საქართველოს პრესტიჟი დღეს ერთი და იგივე იყო. არაა გამორიცხული, რომ ამ რწმენის განმტკიცებას იმ ინსტანციებმაც შეუწყეს ხელი, ვისაც ჰსურდა, მოძრაობა სწორედ იმ კალაპოტისკენ მიემართა, რომლითაც იგი მართლაც წავიდა, და არა სხვა კალაპოტისკენ. იმ ვიღაცისთვის, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც სასურველი იყო, რომ მოძრაობის მიზანი კომუნისტური იდეოლოგიისა და ფრაზეოლოგიის ჩარჩოში დარჩენილიყო და პეტიციურ ფორმას არ გასცდომოდა.
არ მახსოვს, 7 თუ 8 რიცხვში დილით (თვით მე ამ ამბავს არ დავსწრებივარ), სტუდქალაქიდან (სადაც, როგორც ვთქვით, მოძრაობის ცენტრი იყო) ძეგლისკენ მძლავრი დემონსტრაცია წამოვიდა. ფაქტობრივად, ეს სტუდქალაქის მთელი მოსახლეობა იყო. უნივერსიტეტის ქუჩაზე მათ რაღაცა განგებით დაეწიათ წყნეთიდან მომავალი საქართველოს კპ ცკ პირველი მდივნის, რუსეთიდან ორი წლის წინათ გადმოყვანილი ნახევრად გარუსებული გენერლის, უკულტურო და უსიტყვაპასუხო ვასილ მჟავანაძის მანქანა. მანქანამ დემონსტრაციის გარღვევა და გასწრება მოინდომა. იგი გააჩერეს, მჟავანაძე გადმოიყვანეს და აიძულეს დემონსტრაციასთან ერთად, ლოზუნგების „გაუმარჯოს სტალინს“ და ა. შ. ძახილში გამოევლო ის ხუთასიოდე მეტრი, რაც უნივერსიტეტამდე რჩებოდა (იქ დემონსტრაცია ცოტა ხნით შეჩერდა ძეგლისკენ წასვლამდე). მილიციის გენერალი, შინაგან საქმეთა მინისტრი ჯანჯღავა, რომელიც მჟავანაძეს ახლდა და მისი ბედი გაიზიარა, როგორც ამბობდნენ, ჯავრით ხორცს იგლეჯდა და თავხედებთან ანგარიშის გასწორებას ითხოვდა, მაგრამ მჟავანაძემ აიძულა იგი, უხმოდ გადმოსულიყო მანქანიდან მასთან ერთად და დემონსტრაციაში მასთან ერთად გაევლო. ხაზგასმით აღვნიშნავ: ეს ფაქტი ცნობილი გახდა მაშინვე, და არა შემდეგ, როცა ჯანჯღავა დემონსტრანტთა დახვრეტის ბრძანების გაცემის ერთ-ერთი თანამონაწილე გახდა ან ასეთად ჩაითვალა. დღეს იგი მიწაშია, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
8 მარტს მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც, წეღან აღწერილთან ერთად, შესაძლოა, განაპირობა მთავრობის გადაწყვეტილება, მასობრივი ხვრეტა მოეწყო (თუმცა ძალიან საეჭვოა, რომ ამ ორი განსაკუთრებული ამბის გარეშეც ამ გადაწყვეტილებისათვის საკმარისი არ აღმოჩენილიყო თვით მასობრივი გამოსვლის ფაქტი). თბილისში ჩამოსული იყო იმ დროს ერთმორწმუნე ჩინეთის ბებერი სამხედრო მინისტრი ჯუ-დე, რომელიც კრწანისში იყო გაჩერებული. გამოსვლების აქტივისტებმა გადაწყვიტეს მისთვის მიემართათ პროტესტითა და დახმარების თხოვნით სტალინის სახელის გამართლება-აღდგენის საქმეში. მიტინგის ერთი ნაწილი აიშალა და კრწანისისკენ წავიდა. რადგან შორს იყო, ქალაქის ავტობუსები გააჩერეს და კრწანისში წაყვანა მოსთხოვეს. ლესელიძის ქუჩაზე დემონსტრაციას გზა გადაუკეტეს ქუჩის გარდი-გარდმო დაყენებულმა სამხედრო საბარგო მანქანებმა და თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტებმა, ეროვნებით რუსებმა. დემონსტრანტებმა წაართვეს მათ ავტომატები და იქვე მანქანებზე მიუმტვრიეს. კურსანტებს სროლა არ უცდიათ, დემონსტრაცია მივიდა კრწანისში და ჯუ-დეს რეზიდენციას მიადგა. რა მოტივით აიცილა ჯუ-დემ მისი მოთხოვნა, ზუსტად არ ვიცი.
ეს ორი ეპიზოდი გახდა, შესაძლოა, იმის უშუალო მიზეზი, რომ რვაში საღამოს (ასე იყო მიჩნეული ხალხში ხვრეტის შემდეგ) მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში მასობრივი ხვრეტის მოწყობის შესახებ. გადაწყვეტილი იყო, რომ 10 მარტიდან (თუკი ცხრაში ქალაქს ვერ დააწყნარებდნენ) თბილისი ჰაერიდან დაებომბათ უბან-უბან, სტუდქალაქიდან დაწყებული, რისთვისაც საშუალო რადიუსის ბომბდამშენი ავიაციის ნაწილებს აზერბაიჯანში და როსტოვის ოლქში საბრძოლო გაფრენისათვის მზადყოფნა ჰქონდათ ნაბრძანები, ხოლო ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იმ ნაწილებიდან დროებით იზოლირებულნი იყვნენ.
9 მარტს, პარასკევს, ძეგლთან დილის დაახლოებით 10 საათისათვის მივედი. ძეგლთანაც და ლენინის მოედანზეც მიტინგი 5–6 რიცხვიდან რადიოფიცირებული იყო. მოედანზე როგორ მოხდა ეს რადიოფიკაცია, ვიცი. მომიტინგეები შევიდნენ პიონერთა სასახლეში, გამოიტანეს რადიოკაბინეტიდან რეპროდუქტორები და მოედანზე გამართეს. როგორ გაკეთდა ეს ძეგლთან და ვისი დანადგარებით, არ ვიცი. მთავრობას რადიოფიკაციისთვის ხელი არ შეუშლია. საყურადღებოა, რომ ღამეც კი, როცა ძეგლთან 1500–2000 სულზე მეტი აღარ რჩებოდა ხოლმე, რადიოქსელის ჩამოგლეჯა არ უცდიათ. 9 მარტს, მჟავანაძე რომ გამოდიოდა, ისეთი შთაბეჭდილებაც კი იყო, თითქოს ხელისუფლებას მიტინგის რადიომომსახურება თავის თავზე ჰქონდა აღებული.
როგორც ვთქვი, მიტინგზე დილის 10 საათისათვის მივედი. ხალხი იმდენი იყო, რომ ძეგლთან ტრამვაის ლიანდაგებზე უფრო ახლო მანძილზე მისვლა ჭირდა. ძეგლის მოედნისკენ ჩამავალ ფერდობამდე მიღწევას, საიდანაც კვარცხლბეკი ჩანდა, დაახლოებით ნახევარ საათს მოვუნდი. რომ მივედი, მიკროფონში ვიღაც ლაპარაკობდა ბორძიკით და ისეთი ქართულით, რომ პირველად სომეხი მეგონა, უფრო ზუსტად — არა თბილისელი, არამედ თბილისში სეზონური მუშაობისთვის ჩამოსული სომეხი, რომელიც არა თუ ლიტერატურულ ქართულს ვერ დაუფლებია, არამედ სასაუბროსაც. მხოლოდ მაშინ, კვარცხლბეკზე გამართული ტრიბუნა რომ დავინახე, აღმოვაჩინე, რომ ეს ორატორი მჟავანაძე ყოფილა (შემდეგ, წლების მანძილზე, მან ქართული ისევ ისწავლა). მის სიტყვას, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა ჩემი მისვლის დროიდან, მაინცდამაინც რთული შინაარსი არ ჰქონია. „წადით, შვილებო, სახლში! დამიჯერეთ, წადით სახლში“ — იხვეწებოდა გულწრფელად და ამ აზრსაც გამოთქვამდა (აღარ მახსოვს, რა სიტყვებით): „წადით, თორემ თქვენ არ იცით, რა მოხდებაო“. მისი ამ კილოს მნიშვნელობა (ხაზგასმით ვამბობ: სავსებით შესამჩნევი კილოს მნიშვნელობა) მაშინ სავსებით ნათელი არ იყო (და არც მიუცია ვისმე მასზე რეაქცია), მაგრამ შემდეგ იგი ნათელი გახდა: მჟავანაძემ იცოდა, რომ ცხრისთვის უკვე ხვრეტა იყო გადაწყვეტილი, და ისიც იცოდა, შესაძლებელია, რომ სათანადო ძალებს მიტინგის დაშლაზე კი არა, პირიქით, პროვოცირება-გაღვივებაზე ჰქონდათ გეზი აღებული (თვით მჟავანაძეს გამოსვლის ნება, ალბათ, მხოლოდ იმიტომ დართეს), მაგრამ მან ვერ გაბედა თქმა: „დაგხვრეტენო“, რადგან ამას მისი სკამი შეეწირებოდა და, ალბათ, მისი თავიც. გაჭრიდა თუ არა ეს განცხადება, ვერ ვიტყვი (უფრო მგონია, რომ ვერ გაჭრიდა), მაგრამ მის გარდა რომ სხვა ვერაფერი გაჭრიდა, ეს უეჭველი უნდა ყოფილიყო მჟავანაძისთვის და, ალბათ, იყო კიდეც.
მჟავანაძის გამოსვლის შემდეგ მთავრობას ხალხისთვის აღარ მიუმართავს. მიტინგზე, რომელსაც ცეკას მდივნის გამოსვლით ოფიციალური ტონი ჰქონდა მიცემული, ახლა კინოოპერატორები დაიარებოდნენ (ერთ მათგანს, შალიკო შიოშვილს სახით ვიცნობდი. ორი წლით ადრე იგი გვახლდა საზაფხულო სათხილამურო შეკრებაზე მყინვარის მეტეოსადგურში). ოპერატორები ტრიბუნაზეც ადიოდნენ და მასას ყველა მხრიდან და ყველა მონაკვეთში იღებდნენ. ითვლებოდა, რომ კინოქრონიკისათვის ამ დიდებული ამბის — სტალინის ხსოვნისთვის გამართული მიტინგის — ამსახველ მასალას ამზადებდნენ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აქედან სრულებითაც არ ვასკვნი, თითქოს ყველა გამომსვლელს სურათისა და მისი გამოსვლის ამსახველი ფირის მოსაპოვებლად, რაც მათ შემდეგ ძიებისას წარუდგინეს, საძიებო ორგანოებს ამ კინოოპერატორთა ნამუშევარი გამოეყენებინოთ. პირიქით, მახსოვს (არ ვიცი ვისგან) ნათქვამი, რომ სხვა გადაღება საიდანღაც, მომიტინგეებისათვის უჩინარი ადგილიდან ხდებოდა. ითვლება, რომ ე. წ. მასობრივი სუგესტია, მასობრივი ჰიპნოზი, ადამიანთა ურთიერთაყოლა და ურთიერთგაბრიყვება ზოგჯერ უცნაურ ფორმებს ღებულობს. ასი ათასიან მიტინგს სადღაც გულის კუნჭულში მართლაც სწამდა, რომ იგი აღიარებულ იქნა ხელისუფალთა მიერ და ამ უკანასკნელებმა იმდენად დაიხიეს უკან, რომ მას კინოქრონიკაში დემონსტრირებასაც კი უპირებდნენ.
მიტინგი გრძელდებოდა. სიტყვით ბევრნი გამოდიოდნენ — ზოგი დუნედ, არასაინტერესოდ და „რეაქციულად“, ზოგნიც ნიჭიერად და ცოცხლად. პირველნი იმ უღიმღამო და მარტივი სქემით ხელმძღვანელობდნენ, რომლის თანახმადაც სტალინის ვინაობისა და რაობის განმსაზღვრელი მხოლოდ ერთი სიტყვა, „სიდიადე“ უნდა ყოფილიყო, ხოლო საქართველოს სახელი, პრესტიჟი და დიდება იგივე იყო, რაც სტალინისა. ამგვარ გამოსვლებში თავისი უგემოვნობითა და სიმდარით სარეკორდო იყო გორის თეატრის გამოსვლა, დაახლოებით დღის 3 საათზე, როცა წარმოადგინეს სტალინის და ლენინის შეხვედრის სცენა სპექტაკლიდან „ნაპერწკალი“ და ზოგმა მაყურებელმა მოსთხოვა მსახიობებს, ერთმანეთს გადაჰხვეოდნენ. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ამ სცენას მასის ძირითად ნაწილში წარმატება არ ჰქონია ეგებ იმიტომაც, რომ ამ დროს მიტინგის ატმოსფერო უკვე ძლიერ იყო გახურებული და ეს მონურ-ქვეშევრდომული სცენა მის განწყობილებას აღარ შეესაბამებოდა. ზოგი ორატორი ნამდვილად კარგად გამოდიოდა — ცხოვლად, გაბედულად, მჭახედ და ამაღელვებლადაც კი. მეორენი პირველებზე ორ-სამჯერ მეტნი იყვნენ და რაც დრო გადიოდა, ეს პროპორცია უფრო და უფრო დიდდებოდა. დამამახსოვრდა ერთი ორატორი. ახალგაზრდა იყო, სტუდენტის ასაკზე უფროსი, ყავისფერპალტოიანი, საშუალოზე ცოტა მაღალი, მოხუჭუჭო, „ბომბორა“ და შავთმიანი. ჯიბიდან პატარა ქაღალდი ამოიღო — სიტყვის წინასწარ მომზადებული გეგმა, და თხუთმეტწუთიანი სიტყვის დროს მასში რამდენჯერმე ჩაიხედა. არ ულაპარაკია არც სტალინის დამსახურებაზე საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე და არც მის დამსახურებაზე გერმანიაზე გამარჯვების საქმეში. ლაპარაკობდა პოლიტიკურ სიდიადეზე, როგორც ასეთზე, კაცის ნიჭსა, ნებისყოფასა და ვაჟკაცობაზე, რომლებიც ასეთი დიდი წარმატების მოპოვებას უნდა. გადასწვდა რა მის მაგინებლებსა და აბუჩად ამგდებლებს დღეს (გადასწვდა მხოლოდ გადაკვრით, საგანგებოდ შეჩვენებისა და ხრუშჩოვის სახელის ხსენების გარეშე), მან ასეთი მეტაფორა იხმარა: „ვინც უარყოფს პოლიტიკურ სიდიადეს, როგორც ასეთს, და მასში ადამიანის გამორჩეული თვისებების როლს, ის არწივი კი არაა, არამედ არწივის კუდში შეფრენილი ბეღურაა, რომელიც თავის სიმაღლეზე, რასაც კი აღწევს, არწივს აჰყოლია და თავის ამყვანს შემდეგ ლაფს ასხამსო“. ყველაზე დიდი ოვაცია ამ ახალგაზრდის გამოსვლას ჰხვდა, დაახლოებით დღის ორ საათზე.
კიდევ ორი ეპიზოდი დამამახსოვრდა — ერთი მხოლოდ კურიოზული და მეორე არც თუ უმნიშვნელო. გორის თეატრის გამოსვლის შემდეგ თუ სწორედ ამ დროს (ზუსტად ვერ ვიტყვი), მტრედი გადმოფრინდა და ძეგლს შიშველ თავზე დააჯდა. აღტაცებული და ამ აღტაცებისაგან ამსუბუქებული მასა ყიჟინით შეეგება ამ ამბავს. აფრენილ მტრედს რომ თვალი გააყოლეს, მაღლა ცაში ნელა მცოცავი გამანადგურებელი შენიშნეს (მისი ხმისთვის მანამდე ყურადღება არავის მიუქცევია). აქა-იქ გამოჩნდნენ ფხიზელი ადამიანები, რომელთაც სიმბოლიკა სწორედ ქალაქის პეიზაჟის ამ ჩვეულ ატრიბუტში დაინახეს, და არა მტრედში. „ხალხო, ხომ არ გვბომბავენო?“ შენიშნეს აქა-იქ ირონიით.
მეორე ეპიზოდი არცთუ უწყინარი იყო. ზემოთ ვთქვი, რომ დემონსტრაციის დახვრეტა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, 8 მარტს საღამოსვე ყოფილა გადაწყვეტილი და 9 მარტს კურსი უკვე მდგომარეობის გამწვავებისა და გაღრმავებისაკენ იყო აღებული. პირველ საათზე თუ პირველის ნახევარზე ძეგლის კვარცხლბეკზე ერთი წაბლა ფერის, თმაგადაგლესილი, გრძელცხვირა, მაღალი ოცდაათიოდე წლის (ან ცოტა მეტის) კაცი ავიდა. ლაპარაკობდა ქართულად (ცხადია), მაგრამ თითქოს ცოტა უჭირდა. თითქოს ბორძიკობდა, თითქოს აქცენტიც მთლად გამართული არ ჰქონდა, სიტყვასა და სიტყვას, მარცვალსა და მარცვალს შორის რაღაცა არაბუნებრივ პაუზებს ტოვებდა (ძალიან მოკლეს). სიტყვებს არ ეძებდა, ლაპარაკობდა და ამ ტემპით მეტყველებისას სიტყვების პოვნა, თუნდ ქართულის ცუდად მცოდნეს, არ უნდა გასჭირვებოდა. ხმა მკვეთრი ჰქონდა, ინტონაცია — ენერგიული და თითქოს ხაზგასმული. ერთი სიტყვით, დიქცია ასეთი ფართო მიტინგისთვის შესაფერისი ჰქონდა. ლურჯი გაბარდინის ლაბადა („პლაშჩი“) ეცვა ზედ მრავალი ჯიბით (იმ დროს გავრცელებული). მარჯვენა ხელს, კომუნისტურ მიტინგებზე მიღებული მანერის შესაბამისად, ხან ერთი მხარისაკენ იშვერდა, ხან მეორისაკენ, თქმულის შინაარსისგან დამოუკიდებლად, როგორც ლენინს თამაშობდნენ ხოლმე ეკრანზე და პაროდიულად ბაძავდნენ ყოველდღიურობაში. სიტყვა ამით დაიწყო: „ამხანაგებო, ახლა ჩამოვედი ლენინგრადიდან და იქაც იგივე ამბავია. მოვიდა ცნობა ერევნიდან. იქაც იგივე ხდება“. მოკლედ, ამ კაცის სიტყვიდან გამოდიოდა, რომ მთელი საბჭოთა კავშირი სტალინის ხსოვნის დასაცავად აღმდგარიყო და მთავრობა ლამის არჩევანის წინაშე იმყოფებოდა: დაეთმო თუ გადამდგარიყო. კრიტიკის უნარდაკარგული მიტინგი ამ ცნობასაც ეჭვით არ მოჰკიდებია და, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციამაც ვნებათა გაღვივების მიმართულებით იმოქმედა. ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც რაღაც ირონია ჩემი მხრიდან ამ მიტინგის მიმართ. მახსოვს პირადად ჩემი რეაქციაც ამ სიტყვის სმენაზე. წინააღმდეგ ყოველივე ლოგიკისა, ყოველივე იმისა, რაც მანამდე მსმენოდა, მენახა ან სხვა რამ წყაროდან ვიცოდი ამ წუთისოფლის შესახებ, ამ ამბის შეუძლებლობის განცდა მე არ გამჩენია. მასობრივ სუგესტიას (დაქვემდებარებას, შთაგონებას), ვიმეორებ, როგორც ჩანს, ბევრი შესძლებია და დაჯერება-არდაჯერებას აქ ლოგიკა კი არა, მასობრივი განწყობილების „გრადუსი“ განსაზღვრავს.
წინ გავუსწრებ თხრობას და ვიტყვი: იმ ღამეს, უკვე უკანასკნელი ხვრეტის შემდეგ, დაახლოებით ოთხის ნახევარზე ან სამსა და ორმოცდათხუთ წუთზე მეც დამიჭირეს. ისევე როგორც იმ დროს ქუჩაში მყოფი ყველა სხვა, გამომიშვეს ერთი კვირის თავზე, პარასკევს 16 მარტს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე ან ცოტა გვიან, ისევე როგორც პატიმართა უმრავლესობა, სახელდობრ, ისინი, ვინც ტრიბუნაზე სიტყვით არ იყო გამოსული. ტრიბუნაზე გამოსულთაგან არცერთი ოთხ თვეზე ადრე არ გამოუშვიათ. მაგრამ ჩემი გამოსვლიდან მეორე თუ მესამე დღეს რუსთაველის გამზირზე უცებ ნაცნობი მკვეთრი, ხაზგასმული ინტონაციები და სიტყვებსა და მარცვლებს შორის ნაცნობი უჩვეულო პაუზები მომესმა. იქვე ჩემს წინ, ლაღიძის წყლებიდან ლენინის მოედნისკენ მიმავალი, წულუკიძის ქუჩას კვეთდა ის ლურჯლაბადიანი ორატორი, იმავე ლაბადით, უქუდოდ, ვიღაცა სხვა ამასთან ერთად, და ხელის ნელი ქნევით ელაპარაკებოდა. ცხადია, ეს კაცი პროვოკატორი იყო, მიტინგის გზნების გასაღვივებლად მოგზავნილი ხვრეტის მოსამზადებელ ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულებით შეუძლებელი იქნებოდა, ეს კაცი, როგორც ტრიბუნაზე ამაგზნებელი სიტყვით გამოსული, არ დაეპატიმრებინათ (თუ ნახავდნენ), დაპატიმრებული გამოეშვათ, ხოლო თუ ვერ ნახავდნენ, მას თვითონ რუსთაველზე პროსპექტზე ევლო იმავე ლაბადით, რომლითაც ძეგლზე გამოვიდა. საკითხავია მხოლოდ, რა მიზანი ჰქონდა მისი პიროვნების ამ დემონსტრირებას ხვრეტიდან რამდენიმე დღის თავზე? მხოლოდ იმის საჩვენებლად იყო ეს ილეთი მოწოდებული, რომ მიტინგის ორატორები საერთოდ ნდობას არ იმსახურებენ?
დაახლოებით 18–20 წლის შემდეგ იმ კაცს კიდევ მოვკარი თვალი და ვიცანი. ცეკას შენობის წინ იდგა ჩიტაძის ქუჩაზე ვიღაც ორ კაცთან ერთად. მისი ვინაობის გარკვევის არავითარი საშუალება ხელთ არ მქონდა. ქართველი იყო თუ ქართულნასწავლი არაქართველი აგენტი (ასეთებიც არსებობენ, ცხადია), ესეც არ ვიცი, უფრო, მე მგონი, ჰიბრიდი უნდა ყოფილიყო.
(სრულად იხ. ბეჭვდური გამოცემა: „სისხლიანი პარასკევი“, გამომც. Carpe diem, 2019)